კოდაში გამგეობის რწმუნებულის განახლებული ოფისი გაიხსნა
28 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის ტერიტორიული ორგანო განახლებული სახით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ქვე-პროექტი სახელწოდებით „კოდის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის რწმუნებულის ადმინისტრაციის ქმედითუნარიანობის ზრდა" გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:
- კოდის ტერიტორიული ერთეულის ოფისი რემონტი და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა;
- ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები „ეფექტური კომუნიკაცია და ადვოკატირება", „საოფისე კომპიუტერული პროგრამები")
- საპროექტო წინადადების შემუშავება დაინტერესებულ მხარეთა თანამონაწილეობით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე რეაგირებისათვის
- საპროექტო წინადადებების წარდგენა პოტენციურ დონორებთან, შესაძლო მხარდაჭერის მიღების მიზნით
გამგეობის რწმუნებულის ახალი ოფისის გახსნასა და საპროექტო წინადადებების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს გამგებელი, გიორგი მესტვირიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, თამარ დალაქიშვილი. ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის გაძლიერება ქვემო ქართლში" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.